top of page

„მედეა“

ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

„მედეა“

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2024 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება. მოგეხსენებათ, წლევანდელი ფესტივალი ტარდება არა მხოლოდ სიღნაღის თეატრში, არამედ გურჯაანისა და ყვარლის კულტურის ცენტრებშიც. მეექვსე დღეს ფესტივალმა ყვარელში გადაინაცვლა, სადაც ა. (ა) ი. პ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრთან არსებულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი „მედეა“.
სპექტაკლი რეჟისორმა რაჟდენ კერვალიშვილმა დადგა ჟან ანუის პიესის მიხედვით და ინსცენირებაც მასვე ეკუთვნის.
როგორც ვიცით, მითი მედეას შესახებ ბევრჯერ გაცოცხლებულა ქართულ სცენაზე და თეატრის მოყვარულ საზოგადოებას ამ უძველესი მითის არაერთი საინტერესო, ერთმანეთისაგან განსხვავებული ვერსია აქვს ნანახი.
რეჟისორმა რაჟდენ კერვალიშვილმა პიესა რადიკალურად შეცვალა, დაამონტაჟა და წარმოადგინა, როგორც მონო სპექტაკლი. შესაბამისად, სპექტაკლში ერთი მსახიობი მონაწილეობს - მადონა შუბითიძე, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში იხარჯება როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მონო სპექტაკლის თამაში მსახიობისთვის ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა, მიუხედავად ამისა, ერთი საათისა და ოცდაათი წუთის განმავლობაში მსახიობი ტემპს არ აგდებს და სპექტაკლის ბოლო აკორდამდე ვხედავთ პერსონაჟის ემოციურ პალიტრას.
რეჟისორი და მსახიობი მედეას ასახავს არა მხოლოდ როგორც შურისმაძიებელ ქალს, არამედ როგორც კომპლექსურ პერსონაჟს, რომელსაც ამოძრავებს სიყვარული, ღალატი და სასოწარკვეთა. მათი ეს მიზანი და ჩანაფიქრი უდავოდ ჩანს. მედეა გაბოროტების პირას მყოფი ქალია, თუმცა ის ღალატმა, შეუმდგარმა სიყვარულმა და შვილების სიკვდილმა აქცია ასეთად.
საგულისხმოა რეჟისორის შემდეგი გადაწყვეტაც, რომ მსახიობი მედეას როლის გარდა, მთხრობელიცაა. ბუნდოვანია თუ რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა პიესის ამგვარი ინტერპრეტირება, შეიძლება დავუშვათ, რომ მათ სურდათ მხოლოდ მედეას პერსპექტივიდან გაეცოცხლებინათ ამბავი, მაგრამ ანუი სწორედ არა მხოლოდ მედეას ქმედებებითა და მონოლოგებით, არამედ სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობით იკვლევს იმ რთულად ამოსახსნელ თემებს, როგორიცაა შურისძიების დაუოკებელი სურვილი, ვნება, სასოწარკვეთა და რთული არჩევანის წინაშე მარტო აღმოჩენა.
მადონა შუბითიძის მედეა გამოსახულია, როგორც ტრაგიკული ფიგურა, რომელიც ებრძვის თავის კონფლიქტურ ემოციებს, მოქცეულია იასონის სიყვარულსა და შურისძიების სურვილს შორის.
სპექტაკლში ყურადღებას იქცევს მარიამ კალატოზიშვილის სცენოგრაფია, რომელსაც მოცული აქვს მთელი სცენა და წარმოდგენის კონცეფციასთან იდეურ თანხვედრაშია. მართალია, მსახიობი სივრცის მაქსიმალურად ათვისებას ცდილობს, მაგრამ თვალშისაცემია, რომ სცენოგრაფია ფაქტობრივად აბსტრაქტულია და ნაკლებად ქმედითი.
ფაქტია, რომ მითი მედეაზე კვლავ თანამედროვე რეჟისორებისა და მსახიობების ინტერესის და შემოქმედებითი ძიებების საგანია, ამდენად, ორმაგად დასაფასებელია, რომ ლაგოდეხის თეატრიც სცენიდან ასეთ მარადიულ თემებზე საუბარს ცდილობს.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page