"მეთორმეტე სახლი"
ავტორი: სოფო ნადიბაიძე

შემდეგი სპექტაკლი, რომელიც მეორე საფესტივალო დღეს ვნახეთ, იყო თურქი მსახიობის- მელეკ სეილანისა- და მისი გუნდის მონოსპექტაკლი „მეთორმეტე სახლი“- რეჟისორი გახლავთ სალიჰ უსტა. სპექტაკლი ღია ცის ქვეშ გათამაშდა, სტუმრები ღია სივრცეში ვისხედით და ვუყურებდით შუშის შენობის უკან მდგარ ქალს, რომელსაც თავისი ისტორია ჩემოდნით ჰქონდა „მოტანილი“. შიშველი, ერთი ჩემოდნის ამარა, იდგა პერსონაჟი და გვიამბობდა თავის ისტორიას დაბადებიდან. რეჟისორს ინფორმაციული ღიაობისა და დაუცველობის მეტაფორა მყიფე და გამჭვირვალე მინით ჰქონდა მინიშნებული, ქალი იუმორით საუბრობდა თავის რთულ ცხოვრებაზე, იმაზე, როგორ აკონტროლებდნენ მეზობლები, როგორ უყვარდა ერთი ბიჭი, როგორ არ გაუმართლა სიყვარულში, როგორ დააღწია თავი არამკითხე მოამბეებს და გადავიდა საცხოვრებლად მეგაპოლისში- სტამბოლში და რა გზა გაიარა სრულიად მარტომ. ეს ტექსტი დიდწილად ავტობიოგრაფიულია, ამბავია ტრაგიკული ქალისა, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრაციას ელტვის, ეძებს და ვერ პოულობს გამოსავალს, ჩაკეტილია საკანივით შემოზღუდულ სივრცეში და რაც უნდა ბევრი იაროს, ეს შუშა რომლის მიღმაც მოქმედება ხდება და რომლის უკანაც დგას პერსონაჟი, მუდამ შენარჩუნებული და გაუბზარავია. საინტერესო ფუნქცია დააკისრა რეჟისორმა მინას, პერსონაჟი მარკერით ხატავს შუშას და გადმოსცემს გულუბრყვილოდ იმ ტრაგიკულ ცხოვრებას, რაც ქალმა გაიარა: რომ უყვარდა და სურდა ჰყვარებოდა ვინმეს და არ გამოუვიდა, რომ უნდოდა დამოუკიდებლობა, მაგრამ ბევრი ჩასაფრებული და განმსჯელი თვალი ზვერავდა თუ უთვალთვალებდა და ამიტომაც ვერც ამ თვითმყოფადობას მიაღწია. აი, ამ ყოველივეს ხატავდა პერსონაჟი, მაგრამ მერე, მის თვალწინ, წყლით ივსებოდა შუშის „სამყარო“, მოჟონავდა წყალი და რეცხავდა, შლიდა და აცამტვერებდა ძლივს გადარჩენილ მის მოგონებებს- პერსონაჟი რჩებოდა არაფრის ამარა, ახალშობილივით სრულიად ტიტველი, რომელიც მაყურებელში აჩენდა მტკივნეულ განცდას ქალის ბედის შესახებ, რომ როგორი მარტოც მოვიდა, ისე მარტო წავა... მართალია, მისი თეთრი ფერის კოსტიუმი სიფაქიზის, უბიწოების, თითქოსდა სიწმინდის განცდას ტოვებს, მაგრამ ეს მარტოობის განცდა უფროა და მარტოდ მოსულს ამ ცივ და გაუტანელ სამყაროში, ცხოვრების გზაზე ისევ მარტოს მოუწევს სვლა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელს უნდა გასჩენოდა სწორედ სიცარიელისა და მიუსაფრობის ის განცდა, რომელიც ერთმა მსახიობმა ძალზე დამაჯერებლად და დინამიკურად წარმართა და არავის მოგვცა მოდუნების საშუალება. რთულია გაამართლო და დინამიკური გახადო მონოსპექტაკლი ისე, რომ არ მოგადუნოს და კონცენტრაციაში ხელი არ შეგეშალოს. ერთი შუშის უკან მდგარი, თურქულ ენაზე მოსაუბრე ქალბატონი ხან ხალხური სიმღერით, ხან ცეკვით, ხან ჟესტიკულაციით გვაგებინებდა ქალის ხმას, სათქმელს, რომ ქალს უწესებენ საზღვრებს: სოციუმი, ოჯახი, მამა, დედა, მეზობლები, მამის ძმები და ა.შ. და, იმავდროულად, რა უმწეო დღეშია, როგორ განიცდის, როგორ იშლება და იფერფლება ქალის ყველა მოგონება მის გონებაში, ამიტომაც რჩება სრულიად განძარცვული, ებღაუჭება შუშას და უნდა სხვებს გააგონოს თავისი ხმა, რომელიც ხან ესმით, ხან- არა... პერსონაჟი- თავისივე ცხოვრებისა და ყოფის ტუსაღი- თითქოს საკანშია გამოკეტილი, ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს, არადა, მასსა და საზოგადოებას (ამ შემთხვევაში- მაყურებლებს) შორის მხოლოდღა ეს ერთი შუშაა გამყოფი, რომელიც ჩვენ წინვე, ჩვენ თვალწინ ახშობდა ამ ქალის პროტესტს. აღსანიშნავია მსახიობის არტისტიზმი, რომელიც სისადავითა და, ამავე დროს, სრული გულწრფელობით, პრობლემის ჯანსაღი გააზრებით გამოირჩეოდა.